AMGEENRU

ნადარბაზევის სასახლე

05.09.2013 16:34

ქ. თეთრიწყაროდან 10 კმ-ის მანძილზე მდებარეობს ნადარბაზევი, რომლის შესახებაც ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს: “ნადარბაზევი თამარ მეფის ნასასახლევი...”(კოორ: 41.344112 44.221874).

სასახლის კომპლექსი მდებარეობს მცირე შემაღლებაზე, ირგვლივ ხშირი ფოთლოვანი ტყეა, ნანგრევებში გარკვეულად ჩანს ოვალური გალავანი, რომელსაც ოთხი შესასვლელი უნდა ჰქონოდა. გალავნის შიგნით რამდენიმე ნაგებობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემორჩენილია მხოლოდ ორი, ისიც სანახევროდ დანგრეული, ერთი საკუთრივ სასახლე უნდა იყოს, მეორე კი საცხოვრებელი სახლი.

სასახლე დიდი, სწორკუთხა გეგმარების შენობაა. იგი შედგება ერთი დარბაზისა და დამხმარე სათავსისაგან. დარბაზს სამი კარი აქვს და თითოეულ კედელში ორ –ორი სარკმელი. ეს ვრცელი დარბაზი ოთხ სვეტს დაყრდნობილი ხის ძელებით იქნებოდა გადახურული. შენობის კედლები ბაზალტის ქვებითაა მოპირკეთებული და სამშენებლო ხელოვნებით IX-X სს-ით თარიღდება.ეს დარბაზი საზაფხულო რეზიდენციაა და აქ XII-XIII სს-ის მიჯნაზე, როგორც ჩანს თამარ მეფეც ატარებდა ზაფხულის ცხელ დღეებს.

სასახლის დასავლეთით ოციოდე მეტრის მანძილზე დარბაზის დროინდელი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებია, იგი შესაძლებელია მსახურთათვის განკუთვნილი შენობა  ყოფილიყო.

ნადარბაზევის რეზიდენციაში წყალი შორიდან  იყო გამოყვანილი. წყაროს სათავე ნანგრევებიდან 6 კმ-ის მანძილზეა და აქედან სასახლეში წყალი თიხის მილების წყალსადენით იყო მოყვანილი.