AMGEENRU
 

SOS - გადავარჩინოთ კულტურა:

შუასაუკუნოვანი მიტოვებული და დანგრეული ეკლესიები, მონასტრები, გამოქვაბულები, საფლავები თუ პრეისტორიული საკულტო ნაგებობანი - ამ ყველაფრის ნახვა უხვად შეიძლება სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე. ისინი მოვლასა და ყურადღებას მოითხოვს. „გადავკვეთოთ საზღვრები, რათა შევინარჩუნოთ და მოვუაროთ“ არის სწორედ ის სლოგანი, რომლითაც 2012 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს და მოქმედებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი SOS - გადავარჩინოთ კულტურა, რომელსაც ბუნებისა და კულტურული ძეგლების დაცვის ფონდი ახორციელებს (FPWC). 

პროექტი „SOS - გადავარჩინოთ კულტურა“ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. ბუნებისა და კულტურული ძეგლების დაცვის ფონდთან (FPWC) ერთად მის განხორციელებაში ჩართულია dvv international - სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალი, თბილისის პროექტთა ბიურო და „სომხური არქიტექტურის კვლევის ფონდი“ (RAA.)

პროექტის მიზანია სომხეთისა და საქართველოს განაპირა სასაზღვრო რეგიონებში რისკის ქვეშ მყოფი კულტურული ძეგლების აღრიცხვა და პრეზერვაცია ადგილობრივი სამოქალაქო აქტივობების მოშველიებით. ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პროექტის სამოქმედო რეგიონების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.

პროექტის ძირითადი მიდგომა და იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კარგად შემონახული და შესწავლილი ისტორიული ადგილები დადებით გარემოს შექმნის მდგრადი ეკონომიკური, სოციალური და პიროვნული განვითარებისთვის განაპირა და გაღატაკებულ რეგიონებში, რაც თავის მხრივ, ამ რეგიონებს მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვის.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სომხეთსა და საქართველოში სამიზნე რეგიონებში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების 14-25 წლის ახალგაზრდების ჩართვაა. ახალგაზრდები მათ სამეზობლოში ჩატარებულ კვლევით და ძეგლთა დაცვის ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა წარმოშობისა და რელიგიური კუთვნილების კულტურული ძეგლების, ასევე უძველესი და შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლების კვლევას. ამით პროექტი ხაზს უსვამს, რომ "კულტურული ძეგლები ყველას საკუთრებაა" - კულტურული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა, ეროვნებისგან განურჩევლად პატივი უნდა სცენ და იზრუნონ კულტურულ მემკვიდრეობაზე. ეს ახალგაზრდული კლუბების წევრებს ახლებურ მიდგომასა და ცოდნას ჩაუნერგავს ადგილობრივი კულტურული ძეგლების შესახებ. პროექტში მონაწილეობით ახალგაზრდები თავიანთი რეგიონების კულტურულ და ტურისტულ განვითარებაში შეიტანენ წვლილს. ადგილობრივი კულტურული ძეგლებისა და სხვა მნიშვნელობის მონუმენტების შესახებ ისინი ცოდნას ახალგაზრდულ კლუბებში გაიღრმავებენ, რომლებიც FPWC-მ და მისმა პარტნიორმა ორგანიზაცია საქართველოში - dvv international-მა შექმნეს . ახალგაზრდული კლუბის წევრები თავიანთი ჩართულობით ხელს შეუწყობენ რეგიონების კულტურულ და ტურისტულ განვითარებას.

ახალგაზრდული კლუბის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგებში: ინტერკულტურული კომუნიკაცია, ლიდერობა, მულტიკულტურული ღირებულებები, ხელოვნების ისტორია, ფოტოგადაღება, ფილმის გადაღება და ტურიზმის მართვის საწყისები. ახალგაზრდული კლუბის წევრები FPWC-სა და dvv international-ის წარმომადგენლებთან და პროექტში ჩართულ ექსპერტებთან ერთად მოინახულებენ კულტურულ ძეგლებს, ისწავლიან მოუვლელი ძეგლების ფოტოგრაფირებას, გაეცნობიან ძეგლთა დაცვის საფუძვლებს, ეს ყველაფერი კი ახალგაზრდებში კულტურული ძეგლების მიმართ უფრო მზრუნველი დამოკიდებულების და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ფოტო და ვიდეო მასალა წარმოდგენილი იქნება პროექტის ვებ გვერდზე და აგრეთვე სპეციალურ საგამოფენო სივრცეებში.

ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობით „სომხური არქიტექტურის კვლევის ფონდი“ თავის წვლილს შეიტანს მიუვალ და მივიწყებულ ადგილებში ისტორიული ძეგლების მოკვლევაში, dvv international -ი კი თავის მხრივ ზრდასრულთა განათლებაში არსებული გამოცდილების საფუძველზე გამოიყენებს ინოვაციურ და ინტერაქტიულ სწავლების მეთოდებს ახალგაზრდებთან მუშაობისას.

სომხური მხრიდან პროექტ „SOS - გადავარჩინოთ კულტურა“-ს პარტნიორი და ექსპერტი, „სომხური არქიტექტურის კვლევის ფონდი“-ს დირექტორი ბატონი სამველ კარაპეტიანი აღნიშნავს, რომ პირველადი მიზანი პროექტისა მდგომარეობს თვითგანათლებასა და ცოდნაში მდიდარი რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

„ადგილობრივი მოსახლეობისათვის, კონკრეტულად კი ახალგაზრდებისათვის ცოდნის გადაცემა ხელს შეუწყობს იმ ვანდალიზმის დამარცხებას, რომელიც გამოწვეული იყო უყურადღებობითა და გულგრილი დამოკიდებულებით. პროექტის ირიბი ეფექტი მიგრაციის შემცირება იქნება, რადგან როცა იცნობ შენს სამშობლოს, უფრო მეტად გიყვარდება და ეჯაჭვები მას.“- ამბობს კარაპეტიანი.